შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
არგენტინული დოგი გამოიყვანეს არგენტინაში 1920-იან წლებში. ამ ჯიშის ჩამოყალიბება დაიწყო ანტონიო მარტინესმა. მას სურდა შეექმნა კომპანიონი ძაღლის ჯიში, რომელიც ასევე შესანიშნავი მცველი და საშიშ და დიდ ცხოველებზე მონადირე იქნებოდა. საოცნებო ძაღლის მისაღებად ანტონიომ თავის ძმასთან, აუგუსტინთან ერთად დაიწყო კორდობის მებრძოლი ძაღლების (ამჟამად გადაშენებულია) შეჯვარება სხვადასხვა ჯიშებთან. დოგო არგენტინოს მისაღებად უამრავი ძაღლის ჯიში გამოიყენეს, მათ შორის: ბულ ტერიერი, ბულდოგი, ბოქსიორი, გერმანული დოგი, ირლანდიური მგლის მახრჩობელა ძაღლი, პირენეული მთის ძაღლი, ბორდოული დოგი, პოინტერი და ესპანური მასტიფი. ანტონიო მარტინესმა 1928 წელს დაწერა არგენტინული დოგის ჯიშის სტანდარტი. სამხრეთ ამერიკაში მონადირეებმა დაიწყეს მისი გამოყენება ტახზე, იაგუარზე და პუმაზე სანადიროდ. მას ასევე იყენებდნენ ძაღლების ორთაბრძოლებში, რაც ჯერ კიდევ პოპულარულია ზოგიერთ ქვეყანაში.
დოგო არგენტინო ძალიან ერთგული და თავდადებული ძაღლია თავისი ოჯახის მიმართ. თავისი ტერიტორიალური ხასიათის გამო, ის შესანიშნავი მოდარაჯე და მცველია. არგენტინული დოგი უშიშარი, ძლიერი და ენერგიული ძაღლია, ის არასდროს დაიხევს უკან საფრთხის წინაშე.
მოვლადოგო არგენტინოს მოვლა პირველ რიგში ითვალისწინებს ბევრ ვარჯიშს, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. მომავალ პატრონს კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული რა დროის, ენერგიისა და ნებისყოფის დახარჯვა მოუწევს დოგოს მოვლასა და გაზრდაზე. რეკომენდირებული არ არის მისი ყოლა ბინაში. მის უზღვავ ენერგიას სათანადოდ სჭირდება დახარჯვა, უმჯობესია იყოლიოთ დიდ ეზოიან სახლში, სადაც კარგად დაცული ღობე იქნება.
დოგო არგენტინოს დაბალი ბეწვი აქტიურ გრუმინგს არ საჭიროებს. საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ დავარცხნა ჯაგრისით. ის ბეწვს იცვლის სეზონურად და ამ დროს ხშირია ბეწვის ცვენა, ამიტომ ამ პერიოდში ყოველდღე ან დღეში ორჯერაც შეიძლება დაჭირდეს დავარცხნა. აბანავეთ 3 თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. სხვა ძაღლების მსგავსად, დოგოსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება. ამ პროცედურებს ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ.
არგენტინული დოგის კვება დიდი ზომის, ენერგიული ძაღლებისთვის შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროა კარგად დაბალანსებული, მაღალი ხარისხის საკვების მიცემა. უმჯობესი იქნება კვების რაციონი თქვენს ვეტერინართან ერთად შეადგინოთ. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.
რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
არგენტინული დოგი საკმაოდ ჯანმრთელი ძაღლია. ამ ჯიშის წარმომადგენლების დაახლოებით 10%-ს ახასიათებს ერთი ან ორივე ყურით სიყრუე, ეს თანდაყოლილი სიყრუე დაკავშირებულია პიგმეტაციაზე და ასევე ვრცელდება დალმატინელებში, ბოქსიორებსა და თეთრ ბულ ტერიერებში. სხვა დაავადებები შეიძლება იყოს: ჰიპერთირეოზი, მენჯ-სახსრის დისპლაზია, მეტეორიზმი, ლარინგეალური დამბლა, გლაუკომა, ალერგია, დემოდეკოზი.